„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეყოლება თუ არა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ევროპის ბიურო, აღნიშნულ საკითხზე წინასწარ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან განსასაზღვრია მაუწყებლის პოლიტიკა.
„ამჟამად ბიუჯეტზე მიდის მსჯელობა. ბიუჯეტი გარკვეული პოლიტიკის გატარებას ემსახურება. ამ შემთხვევაში, ბრიუსელის იქნება, ვაშინგტონის თუ სხვა ბიურო, ეხება იმას, თუ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქების დროს. საკითხების გაშუქებას თავისი სახსრები სჭირდება, რომელიც ბიუჯეტის დროს მტკიცდება. როდესაც ბიუჯეტს მივიღებთ, გამოჩნდება ამოცანა, რა სისტემით გადავწყვეტთ იქნება ეს ბიუროები თუ მივლინებები“, - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის სხდომაზე მაუწყებლის 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ბიუროს მოსალოდნელი დახურვის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა
,,არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან საზ. მაუწყებლის ევროპის ბიურო იხურება. მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა", - წერს ქარდავა.