ოკუპირებული აფხაზეთიდან კიდევ ერთი ქართველი - მანუჩარ წუშბაია გაათავისუფლეს. ის ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული და 4 თვე ჰქონდა მისჯილი.
აღსანიშნავია, რომ 25 დეკემბერს სოხუმის დრანდის ციხიდან, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი ლუკავაც გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ეს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიური მაგალითი.
"ძალიან მიხარია, რომ თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა თავისუფალია და ახალ წელს საკუთარ ოჯახში - მეუღლესა და შვილებთან ერთად შეხვდება. მადლობა ყველას ვინც ამ პროცესში ჩართული იყო და ამ მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე საკითხის გადაწყვეტაში წვლილი შეიტანა. ეს უდავოდ პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე და ნდობის აღდგენაზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.