„ეს მხოლოდ ფრაგმენტული ჩანაწერებია, რომელშიც ზვიად რატიანი პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ეს განსხვავდება პოლიციასა და რატიანს შორის თავდაპირველი კომუნიკაციისგან. მასში თავდაპირველი ინციდენტი ასახული არ არის“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატმა, ანა ნასრაშვილმა იმ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლემ მტკიცებულების სახით მიიღო.
ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი სასამართლოს მტკიცებულების სახით არ უნდა გაეზიარებინა, რადგან ის სრული და უწყვეტი არ არის. ნასრაშვილის განცხადებით, რატიანმა სამართალდამცავებს მას შემდეგ მიაყენა შეურაცხყოფა, რაც მათი მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.
„რატიანმა პროცესამდეც აღიარა და დასამალი არც იყო, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას მისი მხრიდანაც მოჰყვა რეაგირება“, - აცხადებს ნასრაშვილი.
მისი განმარტებით, აღნიშნული ვიდეოების ჩაწერა სამართალდამცავებმა არა სამხრე ვიდეოკამერებით განახორციელეს, არამედ პირადი მობილური ტელეფონის საშუალებით.
„პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილი არ არის ვიდეოჩანაწერი პირადი მობილურის საშუალებით აწარმოოს. არცერთი საკანონმდებლო აქტი მას ამის უფლებამოსილებას არ ანიჭებს. სასამართლოზე მათ თქვეს, რომ საკუთარი ნებით ახორციელებდნენ ვიდეოჩაწერას.
პოლიციის თანამშრომლებს ევალებოდათ, რომ სრული ჩაწერა ეწარმოებინათ არა პირადი მობილური ტელეფონით, არამედ სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით. იმ დღეს რეიდს ახორციელებდნენ, რეიდის დროს კი, ვალებულები არიან მოქალაქესთან კომუნიკაციის დაწყებისთანავე სამხრე ვიდეოკამერები ჩართულ მდგომარეობაში ჰქონდეთ. ერთ-ერთმა პირმა, პირდაპირ თქვა, რომ სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილები არ არიან და იმ დღეს საერთოდ არც ჰქონიათ“, - აცხადებს ნასრაშვილი.
ხვალ, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ რატიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში ედება ბრალი. რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.