„წინა ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთ–ერთი მოტივი ის იყო, რომ საერთოდ უგულებელყოფილი იყო ადამიანთა სოციალური, ეკონომიკური და შრომითი უფლებები“, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განმარტა, ეფექტიანი შრომის ინსპექციის საკითხის განხილვა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაიწყო, მაგრამ კრიტერიუმების განსაზღვრისას აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა.
მისივე თქმით, შრომის ინსპექტორების რაოდენობა ძალიან მცირეა.
"იქიდან გამომდინარე, რომ ახლა საგადასახადო რეფორმა მიმდინარეობს, კრიტერიუმების განსაზღვრასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არის. პირდაპირ ვამბობ, სანამ ჩვენ ამ კრიტერიუმებს განვსაზღვრავთ, რაც ალბათ, გაზაფხულის სესიაზე მოხდება, როცა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, მანამდე, რა თქმა უნდა, ასეთი მდგომარეობიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია და ის უწყებები, რომლებიც შრომის უსაფრთხოებას ზედამხედველობენ, არსებული კანონის ფარგლებში ცოტა უნდა გააქტიურდნენ. ინსპექტორების რაოდენობით, აღჭურვილობითა და ინფრასტრუქტურით, რაც მათ გააჩნიათ, ზედამხედველობის სრულფასოვნად განხორციელება ძალიან რთულია. იმედი მაქვს, ზედამხედველობის პროცესში სახელმწიფო ორგანოები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.