"ჩვენი პირველი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესი და პრევენციაა, ამ პროცესის თანმდევია დეკრიმინალიზაცია, რათა რეალურად შევძლოთ იმ ადამიანის მკურნალობა ვისაც რეალურად სჭირდება და ის სინათლეზე გამოვიყვანოთ", - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"უნდა მივიტანოთ ინფორმაცია იმ ბავშვებამდე, რომლებიც დღეს შეუგნებლად, პროტესტის ნიშნად, მოდურობის, ცნობისმოყვარეობის, ან გართობის გამო აკეთებენ ძალიან მძიმე არჩევანს თავიანთი ცხოვრების შემდგომ გზასთან დაკავშირებით. დეკრიმინალიზაცია პრევენციით არის ერთადერთი გზა, რამაც გვაჩვენა, რომ პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა. ახალგაზრდები ნარკოტიკებს ნაკლებად მოიხმარენ, რადგან შეგნებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნარკოტიკების მომხმარებელი მოდაში აღარ არის, გახდა სოციალურად გარიყული ადამიანი, ეს არის მთავარი მომენტი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა სხდომა ორსაათიანი დაგვიანებით დაიწყო. კანონპროექტის განხილვა კომიტეტის 7 წევრის - დიმიტრი ხუნდაძის, მირიან წიკლაურის, ილია ნაკაშიძის, კობა ნაკაიძის, ლევან ბეჟანიძის, დიმიტრი მხეიძისა და კობა ნარჩემაშვილის პროტესტის გამო ვერ იწყებოდა. როგორც მათ განაცხადეს, კანონპროექტს მხარს არ უჭერენ და ამ საკითხზე ერთობლივი განცხადების გაკეთებასაც აპირებენ.