ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხარჯებთან დაკავშირებით, ფრაქციების შიგნით განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება.
მისივე თქმით, ცვლილებები დამოკიდებულია დეპუტატების რაოდენობაზე:
„ჯერ კიდევ მაშინ, როცა 110 - კაციანი ფრაქციისგან რამდენიმე 6 - კაციანი ფრაქცია გაკეთდა, ვაანონსებდით, რომ ფრაქციების რაოდენობა გაიზრდებოდა, მიზეზად უკეთეს მენეჯმენტს ვასახელებდით. საკანონმდებლო პროცესში თითოეული დეპუტატის მეტი ჩართულობისთვის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ორი ფრაქცია ყოფილიყო. 7 - კაციანი და 11 - კაციანი ფრაქციები შეიქმნა. მოხდა გარკვეული გადაჯგუფება, იქნება თემატური ჯგუფები. აზრთა თანხვედრა არის მთავარი. რაც შეეხება ხარჯებს, აბსოლუტურად არასწორია საუბარი, რომ ხარჯებში ეს რაიმე ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს, რადგან ეს დამოკიდებულია დეპუტატების რაოდენობაზე. ამაზეა დამოკიდებული, როგორც სამივლინებო, ისე აპარატის ხარჯები ფრაქციებში. ხარჯებთან მიმართებაში ფრაქციების შიგნით განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.