იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის ოჯახისთვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი და ძლიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ამგვარი რამ არასდროს განმეორდეს
მისივე შეფასებით, მარიამ წივწივაძის მკვლელობის საქმე არის ერთ-ერთი მტკივნეული საქმე, რომელიც სავსეა დარღვევებით.
"ქართულმა დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. რა თქმა უნდა, ამას სიტყვები, თუნდაც სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და მხარდაჭერა რაც არ უნდა გაკეთდეს, არ იქნება საკმარისი იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც დედა დაკარგეს, ამიტომ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი და ძლიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ამგვარი რამ არასდროს არ განმეორდეს. ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც არის გაგზავნილი. ჩვენ რა თქმა უნდა, დავის რეჟიმში არ ვიმყოფებით და არ ვიქნებით. ჩვენ წარვადგინეთ სტრასბურგის სასამართლოში უბრალოდ იმ რეფორმების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ქვეყანამ ცუდი მაგალითების შემდეგ გადადგა. დღეს მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელები არიან გაცილებით მეტად მობილიზებულები, რომ პროკურატურაში თავად მსხვერპლების მიმართვიანობა არის გაზრდილი. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სისტემური ცვლილებების წყალობით, რომელიც ჩვენ პარლამენტთან ერთად, თუნდაც სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის შედეგად გააკეთა, ამგვარი რამ მომავალში ჩვენ ქვეყანაში არასდროს განმეორდება“, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, შსს ქმრის მიერ მოკლულ მარიკა წივწივაძის დედას, მორალურ ზიანს ერჯერადად, 10 000 ლარის ოდენობით აუნაზღაურებს, ხოლო გარდაცვლილი ქალის შვილებს, სრულწლოვანებამდე ყოველთვიურ სარჩოს, 608 ლარის ოდენობით გადაუხდის.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეების თ. თ.-სა და ა. კ.-ს სასარჩელო მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სახეზეა მოპასუხეთა უმოქმედობით გამოწვეული ზიანი, კერძოდ, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც თ. თ.-მ მოითხოვა, შვილის მ. წ.-ს გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - 10 000 ლარის ოდენობით, ასევე, არასრულწლოვან ა. კ.-ს სასარგებლოდ სარჩოს სანაცვლოდ ერთჯერადი ანაზღაურება 216 850 ლარის ოდენობით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. მ. წ. მიმართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს მის მიმართ ლ. მ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, ძალადობის ფაქტების და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და ითხოვდა დახმარებას, მოპასუხე - ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ კი არ იქნა განხორციელებული კანონით განსაზღვრული ყველა ის ქმედება და პროცედურა, რაც შეამცირებდა ლ. მ.-სგან გამომდინარე საფრთხეს. სასამართლომ მიიჩნია, სახელმწიფო ორგანოებმა მიუხედავად მათი ინფორმირებულობისა არ მიიღეს ყველა გონივრული ღონისძიება მ. წ.-ს ხელშეუხებლობის დასაცავად და არ მოახდინეს მის მიმართ ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირება.
სასამართლომ სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებს ნაწილში დააკმაყოფილა სრულად, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ თ. თ.-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სარჩოს სანაცვლოდ ერთჯერადი ანაზღაურების გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა, შესაბამისად, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოებს სარჩოს ანაზღაურება დააკისრა არა ერთჯერადი ანაზღაურების სახით, არამედ ყოველთვიურად 608 ლარის ოდენობით ა. კ.-ს სრულწლოვანებამდე. სასამართლომ სარჩოს ოდენობა განსაზღვრა მ. წ.-ს ხელფასის (შემოსავლის) გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობაზე გაყოფით.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღეში სააპელაციო წესით.“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.