შეიძლება სისულელედ ჟღერს, მაგრამ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ,- ამის შესახებ პოეტმა ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, თავად ნასვამ მდგომარეობაში იყო.
„სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 8 სამართალდამცველი მირტყამდა, ძირითადად თავის არეში. სხეულზეც მაქვს დაზიანებები. ყელში მიჭერდნენ, მეც ვუწევდი წინააღმდეგობას. დაახლოებით ორი საათი ვიყავი მანქანაში. იარაღით მუქარა არ ყოფილა, მხოლოდ ხელკეტი ჰქონდათ. საათობით გაგრძელდა ჩემი წვალება. როცა მიმიყვანეს დაკავების იზოლატორში, აქ კარგად მექცეოდნენ, ექიმიც მოვიდა“,- აცხადებს რატიანი.
პოეტის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით – 166-ე და 173 წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შსს-ს ინფორმაციით, ზვიად რატიანის შემთხვევაში, წინასწარი მოკვლევით, იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა.