რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. სახელმწიფო ბრალდება მას გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
როგორც საქმის პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა ერთკვირიანი ვადა იმ მასალის გასაცნობად, რაც სასამართლოზე გამოკვლეული იყო, სრულიად საკმარისია.
"დასკვნით სიტყვას მხოლოდ სასამართლოზე გამოკვლეული მასალების მტკიცებულებების საფუძველზე ამზადებენ, რაც აშკარად იმ მოცულობის არ არის, რასაც ადვოკატი აცხადებს. ადვოკატს მინიმალური ვადა მიეცა, რათა 25 დეკემბერს ის სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგეს, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვისთვის 13 დეკემბერს უნდა ყოფილიყო მზად. ის დრო რაც დღეს მას დამატებით გამოეყო სასამართლოს მიერ, ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია, რომ საქმის მასალების გაეცნოს, დაასრულოს და დასკვნითი სიტყვა მოამზადოს“, - განაცხადა პროკურორმა.
საზოგადოებრივი ადვოკატის შუამდგომლობა, პროცესის 15 იანვრამდე გადადების შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და შემდეგი სხდომა 25 დეკემბერს დანიშნა.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. სააკაშვილმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და შეთანხმებით აყვანილ ადვოკატებზე უარი განაცხადა.