უმრავლესობის ფარგლებში წერილის მიწერა არის ჩემთვის მიუღებელი ფორმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იერუსალიმის საკითხი სენსიტიურია.
“უმრავლესობის ფარგლებში წერილის მიწერა არის ჩემთვის მიუღებელი ფორმა. სენსიტიური საკითხია, უნდა ვიმსჯელოთ და ხელისუფლება დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ყველა დეპუტატს პატივს ვცემ, მაგრამ წერილობით ასეთ სენსიტიურ თემაზე განცხადება მიუღებლად მიმაჩნია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიაროს.
საქართველოს მთავრობას იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა "ისრაელის სახლმაც".
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებაზე, "კარგად უნდა დავფიქრდეთ".
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.