მეგის ქარდავას წინასაექსტრადიციო ვადა პატიმრობის საერთო ვადაში ჩაეთვლება, - განაცხადა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა.
,,მეგის ქარდავას ექსტრადიცია, უკრაინის კანონმდებლობით, შესაძლებელია ერთ წლამდე გაგრძელდეს. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რათა რაც შეიძლება უმოკლეს დროში, მეგის ქარდავა წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა ,,იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ვინაიდან ქარდავას უკვე მისჯილი აქვს ხუთ დამოუკიდებელ საქმეზე, წინასაექსტრადიციო ვადა პატიმრობის საერთო ვადაში ჩაეთვლება და იმ საქმეებზე, რომელთა განხილვაც მის დაუსწრებლად მიდიოდა აქმადე ქართულ სასამართლოებში, ქარდავას დასწრებით გაგრძელდება.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ, უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში გუშინ დააკავეს.
საქართველოს მთავრი პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. ამას გარდა, ის ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების, ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმეებო.