არასამთავრობო ორგანიზაციები: თავისუფლება ახლა (აშშ); ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (ბელგია), წარმოადგენენ აფგან მუხთარლის გატაცების, აზერბაიჯანის მთავრობასთან ასოცირებული უცნობი პირების მიერ აზერბაიჯანელი დევნილი დისიდენტების შევიწროებისა და მუქარის, სახელმწიფო უსაფრთხოების და საჯარო წესრიგის ბუნდოვანი და საეჭვო საფუძვლებით ლტოლვილის სტატუსსა და ბინადრობის ნებართვაზე დაუსაბუთებელი უარის, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული უვიზო რეჟიმის მიუხედავად დისიდენტებისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ფაქტების შესწავლის შედეგებს.
,,ქართველი სამართლადამცავების მიერ დაწყებული გამოძიება აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე არაეფექტიანი, კონკრეტული შედეგის გარეშე მიმდინარეობს, ძირითადი კითხვები საქართველოს სახელმწიფოს აზერბაიჯანის სამართლადამცავ ორგანოებთან გარიგებასთან დაკავშირებით კი პასუხგაუცემელი რჩება. უფრო კონკრეტულად, ანგარიშის ავტორების მიერ შესწავლილ არცერთ საქმეში, აზერბაიჯანელი დევნილების მიერ მომხდარი ფაქტების შესახებ გამოძიების ინფორმირებას, არ მოჰყოლია დამნაშავის იდენტიფიცირება, მით უფრო მათი დაკავება. სახელმწიფოს უარი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
კიდევ ერთი შემაშფოთებელი საქმე ეხება პოლიტიკურ აქტივისტ დაშგინ აღალარლის და მის ვაჟს, რომელთაც ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვათ ბუნდოვნად ფორმულირებული სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით, იმის მიუხედავად, რომ განცხადების განმხილველი უწყება აღიარებდა დაშგინის სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში არსებულ დევნის საფრთხეებს.
დროა საქართველოს მთავრობამ მკვეთრად დააფიქსიროს, რომ ის ადამიანის უფლებებს არ შეწირავს აზერბაიჯანის ავტორიტარულ რეჟიმთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას. ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი ახორციელებს სისტემურ პოლიტიკას კრიტიკული ხმის ჩახშობის კუთხით და ამ დროისთვის 100-ზე მეტი დისიდენტია პატიმრობაში.
აღნიშნული სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- ჩაატაროს სრულყოფილი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება აფგან მუხთარლის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით გატაცების ბრალდებებზე; მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი აფგან მუხთარლსა და მის ცოლს; გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები; უზრუნველყოფილი იქნეს დანაშულის ჩამდენ პირების მიმართ გონივრული ეჭვის სტანდარტის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება;
- ჩაატაროს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება საქართველოში აზერბაიჯანელი დევნილების მუქარის, შევიწროების და თავდასხმის ბრალდებებზე;
- უზრუნველყონ, რომ აზერბაიჯანელი დისიდენტებს არ ეთქვათ უარი ლტოლვილის სტატუსზე, ბინადრობის ნებართვასა, და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე წარმომავლობისა და პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე“, - ნათქვამია ორგანიზავიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.