"პეკინის ქუჩაზე უახლოეს დღეებში დასრულდება ტროტუარების მოპირკეთება, რის შემდეგაც ქუჩა როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის სრულად გაიხსნება", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, მერიის სხვადასხვა სამსახურების, კომპანია „ჯი ვი პი“-სა და „ბლექ სი გრუპის“ კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პეკინის ქუჩაზე საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.
„მიუხედავად ჩვენი ოპონენტების სკეპტიკური განწყობისა, ჩვენ ამ ამბიციური პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ და ისევე როგორც ჩვენი ყველა სხვა დაპირება, ესეც საკმაოდ მოკლე დროში შევასრულეთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ ავტობუსების გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დაიდგმება.
"ქვეითთა გადასასვლელები ცივი პლასტის მეთოდით დაიხაზება. ორფეროვანი, ან ერთფეროვანი „ზებრები“ სპეციალური შუშის ბურთულაკებით დაიფარება, რაც ხელოვნური განათებისას ბზინავს და მაღალ ხილვადობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, პეკინის ქუჩაზე 100 ქოთანი დაიდგმება, რომლებშიც დეკორატიული ბუჩქები დაირგვება.
შემუშავებულია პეკინის ქუჩაზე ავტომობილების პარკირების ახალი სქემაც. პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაში არსებულ სამკუთხედში მიახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. პეკინის ქუჩაზე სულ პარკირების 205 ადგილი იქნება.
რაც შეეხება პეკინის ქუჩის გაცალმხრივებას, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება.
პეკინის ქუჩაზე ამ ეტაპზე მოძრაობა იმ რეჟიმში ხორციელდება, რაც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დროს გვქონდა. ანუ ცალმხრივი მოძრაობაა ყაზბეგიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ისევე როგორც 26 მაისის მოედნიდან კოსტავას და შემდეგ უკვე შარტავას ქუჩების გავლით არის ცალმხრივი მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.