,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ქვეყანა კრიზისში შევა. მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტო და შენიშვნების გათვალისწინება ბოლო შანსია.
,,პრეზიდენტის ვეტო და ბოლო შანსი მმართველ პარტიას! -
ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის შეცვლას სახელისუფლო უმრავლესობა რომ არ აპირებდა, თავიდანვე იყო ნათელი. არგუმენტად ისიც მოჰყავდათ, რომ მესამე მოსმენით კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილელების შეტანა იყო შესაძლებელი.
ხელისუფლებას ვითარება ძალიან დაუმძიმდა. ამ კონსტიტუციას არავინ ჰყავს მომხრე არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ. გამოსავალი ერთადერთია: პრეზიდენტი ადებს კანონს ვეტოს, უბრუნებს პარლამენტს შენიშვნებითურთ, რომელიც იქნება ყველა პარტიასთან და არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებული და რომელშიაც გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის შენიშვნები. პარლამენტი მთლიანად ან ნაწილობრივ იზიარებს ამ შენიშვნებს.
მეორე გზაა უმრავლესობის მიერ ვეტოს დაძლევა და პარტიულ-ოლიგარქიული კლანის ინტერესებს მორგებული კონსტიტუციის მიღება.
ეს ქვეყანას კრიზისში შეიყვანს”, - აცხადებს რომან გოცირიძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ. მასზე საკონსტიტიციო ცვლილებების ალტერნატიულ პროექტზე მსჯელობენ.