,,ბათუმელებს ჩემი თავი შევთავაზე და უკან არ დავიხევ'', - ამის შესახებ მომღერალმა კახაბერ ცისკარიძემ (კახუჩელამ) ,,ჯი-ეიჩ-ენ''-ს განუცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს ბათუმის მერობის კანდიდატის რეგისტრაცია დააგვიანდა, ის მერობისთვის მაინც იბრძოლებს.
„ტექნიკური უზუსტობა იყო, თუმცა, ეს პრობლემა არ არის, მონაწილეობას მაინც მივიღებ, მერობას მაინც ვაპირებ. ბათუმელებს ჩემი თავი შევთავაზე და უკან არ დავიხევ, ამ თემიდან გამოსვლას არ ვაპირებ. დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრიდი კენჭს, თუმცა, მოხდა ისე, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს ბევრად უფრო ადრე უმთავრდებათ რეგისტრაციის ვადა, ვიდრე პარტიებს. შესაბამისად, ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალასთან გავიარე კონსულტაცია, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ კახაბერ ცისკარიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიიღო საერთოდ მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება, როგორც ცისკარიძე აცხადებს, მას ეს გადაწყვეტილება ხალხმა მიაღებინა. ის გამარჯვებაშიც დარწმუნებულია.
„გამარჯვების დიდი იმედი მაქვს, რადგან ამ პოტენციალს ვხედავ. ეს გადაწყვეტილება პრინციპში ხალხმა მაიძულა, ეს მხოლოდ ჩემი ახირება არ არის. პოპულარული ბათუმიდან გავხდი. ის რაც დღეს გამაჩნია, ხალხმა მომცა. შესაბამისად, მთელი ჩემი ენერგია, პოზიტივი, მთელი ჩემი იდეები მინდა ბათუმისკენ მივმართო და ქალაქი კიდევ უფრო უკეთესი გავხადო. მე, როგორც არტისტს, ამომრჩეველი თავის პრობლემებს ბევრად უფრო გულწრფელად მიყვება, ვიდრე პოლიტიკოსებს, რადგან მათ მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული. მე არტისტობისთვის თავის დანებებასაც არ ვაპირებ.
ჩემი გამოჩენით მინდა ის სტეროტიპი დავანგრიო, რაც მერს ეხება, მითუმეტეს, ბათუმის მერს. არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მერი პოლიტიკოსი არ არის და დიდ პოლიტიკაში არ მიდის. ის კარგი მენეჯერი, იდეების განმხორციელებელი, ქალიაქისთვის პოპულარობის მომტანი უნდა იყოს“, - აცხადებს ცისკარიძე.