თუ ხელისუფლება პირდაპირ არ ჩაერთო ამ პროცესში და უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები სასწრაფოდ არ დაიწყო, დღევანდელი მდგომარეობა სანატრელი გაგვიხდება, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მცოცავი ოკუპაციის საკითხის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან დიალოგზე უარის თქმა დანაშაულებრივია პოზიციაა.
„მივესალმები ნებისმიერ ვიზიტს რუსეთში, რომლის ამოცანაც იქნება სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ის, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, სრულიად ნათლად არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. რას ველოდებით ძალიან მაინტერესებს?! რამდენზე უნდა გადმოსწიონ კიდევ საზღვარი, რომ გონს მოვიდეს ხელისუფლებაც, პოლიტიკური სპექტრიც, საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც დიალოგზე უარს ამბობს. დანაშაულებრივია პოზიცია დიალოგზე უარის თქმის. თუ ხელისუფლება პირდაპირ არ ჩაერთო ამ პროცესში და უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები სასწრაფოდ არ დაიწყო, დღევანდელი მდგომარეობა სანატრელი გაგვიხდება. სანატრელი! ვაფრთხილებ ყველას - პოლიტიკურ სპექტრსაც, საზოგადოებასაც, სრულიად საქართველოს, მეტი უბრალოდ ჩემს ძალებში ნამდვილად არ შედის. სანატრელი გვექნება ის, რაც დღეს გვაქვს. ყოველდღიურად უარესდება ვითარება, ყოველდღიურად იხურება მოლაპარაკების შესაძლებლობის ჩარჩოები. ყოველდღიურად საქართველოს მოსალაპარაკებელი პოზიცია უარესდება და ეს არის კატასტროფა ქვეყნისათვის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.