ჩემი მთავარი სათქმელია ის, რომ ვიცი რთულია, მაგრამ ხალხთან ერთად მზად ვარ ვუპატრონო თბილისს, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა გუდიაშვილის მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი მერობის კანდიდატად წარსადგენად ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.
მისი თქმით, ის ხალხისთვის გამარჯვების შემდეგად ხელმისაწვდომი იქნება.
"ჩემი მთავარი სათქმელია ის, რომ ვიცი რთულია, მაგრამ ხალხთან ერთად მზად ვარ ვუპატრონო თბილისს. ამ დრომდე მე მხოლოდ ხალხზე ვიყავი დამოკიდებული, რადგან ვიყავი დამოუკიდებელი დეპუტატი და ასეთად დავრჩები - მე და ხალხს არ გვეყოლება შუამავლები და ყველასთვის ხელმისაწვდომი ვიქნები. როგორც აქამდე შეეძლოთ, ქუჩაში გავეჩერებინე და რამე შემოეჩივლათ, გამარჯვების შემდეგაც ასევე ხელმისაწვდომი ვიქნები ყველასთვის", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ უკვე ისეთი ნიშნებია, რომ ბინძური წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მაგრამ ის მზად არის ნებისმიერი სისაძაგლე აიტანოს.
მისივე განცხადებით, შეცდომები აქვს დაშვებული, მაგრამ არა ისეთი, რომ ხალხისთვის თვალის გასწორება რცხვენოდეს.