ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს ერთიანობამდე - რა თქმა უნდა მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპაციის თემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ოკუპაცია არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან.
”ოკუპაცია რომ არის ძალიან მძიმე პრობლემა, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. შემიძლია გითხრათ, რომ ვცდილობ, ემოციის გარეშე ვუყურო იმ ბრალდებებს, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ხელისუფლების მიმართულებით, მაგრამ ეს თანდათან უფრო და უფრო ძნელი ხდება. ჩვენს ხელისუფლებას არც ერთი წუთი არ გაუტარებია, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო ნომერ პირველი ჩვენს დღის წესრიგში.
ჩვენი ოპონენტები ამაზე ავრცელებენ ჩვენს პარტნიორებთან აბსოლუტურად უსაფუძვლო ჭორებს, თითქოსდა ჩვენ ეს საკითხი არ გვაქვს პირველ საკითხად და მათი სხვადასხვა გამოკითხვის მეშვეობით ცდილობენ, ეს საკითხი გადაიტანონ მეორე, მესამე შრეში. შემიძლია გიხრათ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას, ეს იყო ჩემი უმთავრესი თემა. მე იქ ხაზგასმით აღვნიშნე, ჩემი სიტყვები იყო - ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, არ დაიჯეროთ არც ერთი კვლევის, რომელიც აჩვენებს, რომ ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის მეორე, მესამე ან უფრო ქვედა რიგის საკითხი. ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, რანაირი წარმატებაც არ უნდა იყოს, ეს დარჩება ნომერ პირველ საკითხად ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაში. მინდა, ეს თქვენ იცოდეთ, რადგან ეს არის სიმართლე”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.