მეჩვენება, რომ ამ ქმედებების მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ გარკვეულ პროვოკაციას წამოვეგოთ, ან მიზანმიმართული კურსიდან გადავუხვიოთ, რასაც საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკა, ძალიან მყარი ევროინტეგრაციის კურსი წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი საფრთხე და გამოწვევა, რომელიცაა, ამ ბანერების უკან არის - რუსეთის სამხედრო სიმძლავრეები, ბაზები, ადამიანური რესურსი და წვრთნებია, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ატარებენ. მისივე თქმით, მავთულხლართები, ბანერები და ბარიკადები არ არის პირდაპირი სამხედრო დანიშნულების კონსტრუქცია, ეს გათვლილია იმაზე, რომ ადამიანებს - საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიური გამოწვევა შეექმნას, ასევე საზოგადოებაზე გარკვეული წნეხი და დაძაბულობა იყოს. მინისტრის თქმით, არა მხოლოდ გასაგებია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არსებობს, არამედ ეს მუხტი თითოეულ ჩვენგანში არსებობს. მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს გათვლილი იმაზე, რომ პირველ რიგში პროვოკაციას არ წამოვეგოთ.
მინისტრის განცხადებით, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ინტენსიურ რეჟიმში რეაგირებს, არამედ ყველა ფორმატში, დღის წესრიგის მთავარი საკითხი მსგავსი ქმედების პრევენცია და უკუქცევაა.
„ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, ქვეყნის დეოკუპაციაა. საერთაშორისო პარტნიორებთან ნებისმიერი ჩვენი შეხვედრა და მოლაპარაკება ძირითადად ამ საკითხებს ეთმობა. ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს ხელთარსებული ყველა მექანიზმის მობილიზება მოხდეს და ამაში იგულისხმება როგორც დიპლომატიური, ასევე პოლიტიკური-სამართლებრივი მოლაპარაკებების ფორმატები. გარდა იმისა, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული ამოცანა დეოკუპაციაა, იმაზეც ვმუშაობთ, რომ არსებული პირობების გათვალისწინებითაც ჰუმანიტარული გამოსავალი გამოვძებნოთ და მოსახლეობას იმის შესაძლებლობა მიეცეს, რომ სასოფლო მიწებზე წვდომა ჰქონდეს. ეს არ არის მხოლოდ დეკლარაცია და სურვილი, ფურცელზე წერილობით დატანილი შესაძლებლობები და სქემები არსებობს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მიერ განიხილება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.