რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პოზიტიური ახალი ამბებიც არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ საზოგადოებრივთან განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ საბაჟო რეგულირების საკითხების მოგვარების კუთხით წინსვლაა.
„გვაქვს პოზიტიური ახალი ამბები, ეს ეხება, მაგალითად, არქივებს, დაინტერესებულები არიან, რომ ურთიერთობები ჰქონდეთ. მე ვფიქრობ, რომ წავედით წინ საბაჟო რეგულირების საკითხების მოგვარების კუთხით.
ძალიან დიდი ხანია ამაზე ვმუშაობთ. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ პრაქტიკული რეალიზაციის ეტაპზე ვართ. მოვილაპარაკეთ ექსპერტების დონეზე შეხვედრებზე თუ როგორ მოვახდენთ ყაზბეგი-ლარსის გზის მოდერნიზებას. ამის შესახებ ექსპერტებმა უნდა იმსჯელონ.
აღვნიშნეთ, რომ ვაჭრობის მაჩვენებელი ქვეყნებს შორის გაიზარდა. წელს პირველი 6 თვის მანძილზე, თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა. ტურიზმიც პერსპექტიული მიმართულებაა“, - განაცხადა კარასინმა.
აბაშიძე-კარასინის ფორმატით მორიგი შეხვედრა დღეს პრაღაში გაიმართა. 2011 წელს გაფორმებული საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხის გარდა, შეხვედრაზე საქარველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხიც დააყენა.