გადაუღებელი წვიმის გამო რაჭაში მდინარე ჩვეშურიც ადიდდა, რის გამოც ონის რაიონის სოფელ ღებთან და სოფელ გონასთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სოფელ ღებთან დამაკავშირებელ გზას რამდენიმე საათში აღადგენენ.
"რაც შეეხება სოფელ გონას, აქ სამუშაოებს ამინდის გაუარესების გამო ვერ ვიწყებთ. მდინარის წყალმა სოფელთან დამაკავშიორებელი ხიდები წაიღო", - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ონში მდინარე რიონის ადიდებამ საავტომობილო გზები და ხიდები დააზიანა.
მდინარემ, ასევე, დააზიანა საგლოლო-ღების საავტომობილო გზის მონაკვეთი.
ზემო რაჭაში ადიდებულმა მდინარეებმა სოფელ გონაში ორი საავტომობილო ხიდი დაანგრია. სტიქიის შედეგად კურორტ უწერაში ნაპირსამაგრი დაზიანდა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი და მინერალურ წყალ “ნაპერწკალას” მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი