თბილისში, სასტუმრო „რედისონში" გაიმართა კონფერენცია კონსტიტუციური რეფორმის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, დიპლომარტიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა.
შეკრებილ საზოგადოებას ოპოზიციის წინადადებები და მოსაზრებები „თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ კახა კუკავამ გააცნო. კონსტიტუციის რეფორმის პროცესში არსებული რამდენიმე პრინციპული საკითხიდან, ამ ეტაპზე, კონსესუსი მხოლოდ ერთ მათგანზეა მიღწეული (საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა).
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების სისტემის და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის საკითხებს - კონსესუსი მიღწეული არ არის.
„თავისუფალი საქართველო" მიიჩნევს, რომ აუცილებელია, კონსტიტუციის ცვლილებისას პოლიტიკურ ძალებს შორის კონსესუსის მიღწევა, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ პოლიტიკურ პარტიებთან ბათუმში გამართულ შეხვედრაზე.
ოპოზიციური პარტებმა დაადასტურეს რომ მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, რათა III მოსმენისთვის მივიღოთ ცვლილებების კომპრომისული პროექტი. მზად ვართ კონსულტაციების პროცესში განვიხილოთ, როგორც კონსტიტუციური რეფორმის საკითხები, აგრეთვე სხვა ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო გარემოს.