ეს არის გამიზნული პოლიტიკა იმისთვის, რომ შეარყიოს ჩვენი მდგრადობა, ჩვენი ერთიანობა და ჩვენი მიუღებლობა საქართველოს ოკუპაციის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" რუსეთის ოკუპაციაზე საუბრისას აღნიშნა.
პრეზიდენტის თქმით, რუსები გვეუბნებიან ძალიან მტკივნეულ რამეს, რომ მივიღოთ არსებული რეალობა. პრეზიდენტის თქმით, არსებულ რეალობას არ უნდა შევეგუოთ.
„არასდროს ჩვენ არ შევეგუებით იმ ისტორიულ უსამართლობას და ვანდალიზმს, რაც ხდება ჩვენს მიწა-წყალზე და ეს შეუგუებლობა მიგვიყვანს ჩვენ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, რუსეთი საქართველოს მოსახლეობის შეხედულებებსა და რწმენაზე მანიპულირებას ცდილობს.
„რუსეთი ძალიან თანმიმდევრულია და გვეუბნება, იცით რაა, მიიღეთ ეს რეალობა და ამ რეალობიდან გამომდინარე გვესაუბრეთ. ბრძოლა მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების რწმენაზე“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.