"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი დედაქალაქის მაცხოვრებლებს შემოვლითი რკინიგზის დასრულებას პირდება.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, შემოვლითი რკინიგზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თბილისში გადაადგილებას და განმუხტავს დედაქალაქში არსებულ საცობებს.
„მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროექტს არ დარქმეოდა წინა ხელისუფლების პროექტი, ამ ხელისუფლებამ უარი თქვა შემოვლითი რკინიგზის პროექტზე და ავტომატურად შემოვლითი გზის პროექტზე. ეს გზა, რომელიც 10 კილომეტრიანი მონაკვეთია, 4 ზოლიანი, აერთებდა ჯორჯ ბუშის ქუჩას დიდუბის მეტროსთან და პრაქტიკულად საავტომობილო ნაკადის 40%-ს თავის თავზე იღებდა. დღეს თბილისი ლიდერობს იმ ქალაქების სიაში, სადაც ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული. და ეს არ არის მხოლოდ სიმწვანის სიმცირის ბრალი. ჰაერის დაბინძურებას პირველ რიგში ხელს უწყობს საცობები და გამონაბოლქვი. ეს ყველაფერი ხდება დღეს ჩვენს ქალაქში ჩვენი ჯანმრთელობის და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე. ამიტომ, მე პირობას ვდებ, რომ არჩევნების შემდეგ მყისიერად განახლდება შემოვლითი გზის პროექტი და მე შევძლებ, რომ თბილისი საცობებისგან გავათავისუფლო ,“ - განაცხადა ზაალუდუმაშვილმა.