აჭარის მეფუტკრე ფერმერები ქვემო ქართლის რეგიონში, სოფელ თელეთში იმყოფებოდნენ, სადაც თაფლის დამზადება-გადამუშავების საწარმო მოინახულეს.
ფერმერები საწარმოში თაფლის წარმოების, ლაბორატორიული კვლევის, გადამუშავებისა და დაფასოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. ფერმერები დაინტერესდნენ მოდერნიზებული სკებისა და თაფლის წარმოებისთვის საჭირო სხვა ინვენტარის დამზადების ტექნოლოგიებით.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს ხელმძრვანელობის მიერ აჭარელი ფერმერებისთვის შეღავათიან ფასებში შეთავაზებული იქნა თაფლის წარმოებისთვის საჭირო გერმანული და ჰოლანდიური წარმოების სხვადასხვა სახის ინვენტარი.
ურთიერთთანამშრომლობის შემთხევაში კომპანია ფერმერებს სთავაზობს საშეღავათო პერიოდით, უპროცენტო სასაქონლო კრედიტის სახით აღნიშნული ინვენტარის მიწოდებას. კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მეფუტკრე ფერმერების სამი თვით გერმანიასა და ჰოლანდიაში მივლინებას. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მეფუტკრე ფერმერს, რომელიც დააკმაყოფილებს კომპანიის მიერ დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.
ფერმერთა განმარტებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო საწარმოში ვიზიტი, რადგან მათ მიიღეს ყველა საინტერესო საკითხზე კომპეტენტური და ამომწურავი პასუხი. კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობები მათთვის მისაღებია და ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის.