დღესდღეობით ჩვენი რეკომენდაციების 47 პროცენტი არის შესრულებული, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი , - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის 2016 წლის ანგარიში განიხილეს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის მხრიდან დიდი ყურადღება გამახვილდეს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებზე.
„მინდა ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც აუდიტის სამსახურის ძირითად საქმეს წარმოადგენს. გარკვეული გარემოებიდან გამომდინარე არ მინდა ჩემი ვადის მიწურულს საზოგადოებასა და პარლამენტში დარჩეს განცდა, რომ აუდიტი არის ჩასაფრებული ორგანო, რომელიც მოწოდებულია ადამიანების დასჯაზე. აუდიტის სამსახურის ფუნქცია არის ბევრად უფრო დიდი და ეს გამოიხატება იმ დასკვნებში, რომელსაც ჰქვია ეფექტიანობის აუდიტი. ადამიანის დასჯით სისტემა არ გვარდება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარლამენტმა აღიქვას აუდიტის სამსახურის ფუნქცია.
ჩვენ არ ვართ არც პროკურატურა, არც ფინანსური პოლიცია. დღესდღეობით ჩვენი რეკომენდაციების 47 პროცენტი არის შესრულებული. ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. ეს არ არის ის სტანდარტი, რომლითაც მოქმედებენ აუდიტის სამსახურები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის მხრიდან დიდი ყურადღება გამახვილდეს ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.