ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ წინადადებას ხელი 100-ზე მეტმა დეპუტატმა მოაწერა. მის გადაყენებას ემხრობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილიც, რომელიც ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაყენების პროცედურის დასაწყებად 60 დეპუტატის ხელმოწერაა აუცილებელი, პროცედურის დასაჩქარებლად კი - 120 ხელმოწერა სრულებით საკმარისია.
ევროპარლამენტარები პედრო აგრამუნტის გადადგომას სირიაში მისი ვიზიტის და პრეზიდენტ ბაშარ ასადთან შეხვედრის გამო ითხოვენ. ამ საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ხმაური მოჰყვა. აგრამუნტიმ სხდომათა დარბაზიც კი დატოვა. პედრო აგრამუნტის სირიის პრეზიდენტთან შეხვედრას რუსეთის დუმის დეპუტატი ესწრებოდა.