კონსენსუსი არა მხოლოდ პარტიებისგან უნდა იყოს, არამედ საზოგადოებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. მაგრამ ახლა ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი ჰაერშია, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა დაინტერესებულმა მხარემ, პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დასრულდეს.
"მე საქართველოს კარგი მეგობარი ვარ. მომწონს ეს ქვეყანა. თქვენს ისტორიას 1993 წლიდან ვაკვირდები, როდესაც პირველი დემოკრატიული ინსტიტუტები შეიქმნა. ახლა ჩვენ გადავდგით კარგი ნაბიჯი, რათა საქართველომ მიიღოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კონსტიტუცია, ვინაიდან თქვენ ევროპული ქვეყანა ხართ, ევროპული მისწრაფებები გაქვთ. დასანანი იქნება, თუ ეს ძალისხმევა წყალში ჩაიყრება. ყველა დაინტერესებულმა მხარემ, პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დასრულდეს. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენს რეკომენდაციებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. საკონსტიტუციო რეფორმას ფართო კონსენსუსი სჭირდება. ეს კონსენსუსი არა მხოლოდ პარტიებისგან უნდა იყოს, არამედ საზოგადოებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. მაგრამ ახლა ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი ჰაერშია. ხვალ შევხვდები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და იგივე მესიჯს გავუმეორებ”, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.