დღეს გამარჯვებულია არა ქართული ოცნება არამედ, ქართველი ხალხი, რომელმაც მოგვცა დავალება, დაგვისახა ამოცანა, რომელსაც ჩვენ ძალიან პირნათლად ვასრულებთ და დამარცხებულია ყველა ის ძალა, რომელიც დესტრუქციისკენ იყო მოწოდებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დასრულების შემდგომ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის გამარჯვების აუცილებელი პირობაა, ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციის არსებობა და სწორედ ასეთი ტიპის კონსტიტუციას ვიღებთ.
„ჩვენ გავდივართ ამ ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ პროცესს. დღეს გამარჯვებულია არა ქართული ოცნება არამედ, ქართველი ხალხი, რომელმაც მოგვცა დავალება, დაგვისახა ამოცანა, რომელსაც ჩვენ ძალიან პირნათლად ვასრულებთ და დამარცხებულია ყველა ის ძალა, რომელიც დესტრუქციისკენ იყო მოწოდებული. არავის დამარცხება ჩვენ არ გვინდა. ჩვენ გვინდა ჩვენი გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ქვეყნის გამარჯვების აუცილებელი პირობაა, ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციის არსებობა და სწორედ ასეთი ტიპის კონსტიტუციას ვიღებთ ჩვენ ყველა ერთად",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას და ამომრჩეველს „ქართულმა ოცნებამ" არჩევნებამდე ძალიან კონკრეტული დაპირება მისცა და ხელისუფლება ამ დაპირების და გაცემული საკონსტიტუციო ნდობის შესაბამისად მოქმედებს.
„ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ ამ დაპირების საბოლოოდ ასრულებისკენ. ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა. ეს დაპირება გაცემული იყო 2012 წლამდეც, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ არ იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და არ იყო კონსენსუსის რესურსი ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან, საკონსტიტუციო რეფორმა არ და ვერ შედგა. დღეს ჩვენ, ჩვენმა მოსახლეობამ მოგვცა ამის მანდატი. ჩვენი არა მარტო უფლება, არამედ, პასუხისმგებლობა და ვალია, რომ ამ დაპირების და გაცემული საკონსტიტუციო ნდობის შესაბამისად ვიმოქმედოთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 115 ხმით, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და 114 ხმით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, მეორე მოსმენით პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი კონსტიტუციურ კანონპროექტს მესამე მოსმენით, საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.