მმართველმა გუნდმა დღეს ჩვენ შემოგვთავაზა, რომ გვეზეიმა კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, არა ქართულ საზოგადოებას, არა ფართო პოლიტიკურ სპექტრს შორის, არამედ გვეზეიმა კონსენსუსი ერთი პოლიტიკური პარტიის შიგნით მიღწეულ რაღაც შეთანხმებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის დოკუმენტი, რომელიც მიიღო ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, არ არის ის დოკუმენტი, რომელზეც მუშაობდა თუნდაც ეს საკონსტიტუციო კომისია.
"დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტის სხდომის ნაცვლად ”ქართული ოცნების” ყრილობა ვიხილეთ, სადაც მიიღეს რაღაც დოკუმენტი. იმიტომ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც მიიღო ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, არ არის ის დოკუმენტი, რომელზეც მუშაობდა თუნდაც ეს საკონსტიტუციო კომისია. ეს არ ის დოკუმენტი, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა და არც ის დოკუმენტია, რომელიც საერთო სახალხო განხილვებზე იყო შეთავაზებული. კიდევ ერთხელ მოტყუვდნენ საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მოატყუეს ვენეციის კომისიაც და ქართული საზოგადოებაც. დღეს ”ქართული ოცნების” ყრილობაზე, პარლამენტის სხდომა რომ ერქვა, მიიღეს სრულიად სხვა დოკუმენტი და გვთავაზობენ ვიზეიმოთ გარიგება ოცნების გუნდს შიგნით”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.