საბოლოო ჯამში კი, ამ ეტაპისთვის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე, აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ჩვენი ხელისუფლების პირობებში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას. მისი თქმით< მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მისივე განცხადებით, მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები.
"აღნიშნული ცვლილებებით რეგულირდება შემდეგი საკითხები: მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე. შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით. იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო არჩევანი.
იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები. შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი, მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები. კონსენსუსის მიღწევის მიზნით, 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი", - აღნიშნა პრემიერმა.