გადაუჭარბებლად ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში შესატან, პრაქტიკულად სრულიად ახალი რედაქციის ცვლილებებს მთელმა უმრავლესობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდმარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 115 დეპუტატი დღეს იზიარებს იმ პრინციპებს, რომლითაც ქვეყანას ექნება ახალი სტანდარტი.
"ეს არის კონსტიტუცია, რომლითაც ძლიერი საპარლამენტო მოდელი გვექნება. იქნება მაკონტროლებელი ინსტიტუტი, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს სახით, ეფექტური მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი.
ეს არის კონსტიტუცია, რომელიც დააზღვევს რისკებს, პოლიტიკურ კრიზისებს. მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების რეალურ დაცვას. ეს მართლაც არის ისტორიული ეტაპი და ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ახლავს ამ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.