ეს დოკუმენტი, რომელიც ახლა იქმნება, გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას, ეს არის მთავარი მიღწევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში", საკონტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებული კონსტიტუცია ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის. მისივე განცხადებით, 2010 წელს მიღებული კონსტიტუცია კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურებოდა და ავტოკრატიის საფრთხეს წარმოშობდა.
„რა იყო მიზანი 2010 წლის ცვლილებების? მიზანი იყო მარტივად ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეენარჩუნებინა თავისი ჭარბი ძალაუფლება უკვე პრემიერის რანგში... გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი კვირიკაშვილი რა ბუნების არის, ვიცით, ანუ როგორია მისი პოლიტიკური ბუნება. ის არ არის მიდრეკილი არცერთი გრამით ავტოკრატიისკენ, აქედან გამომდინარე, პრაქტიკაში, ბუნებრივია, არ წარმოიშვება ის პრობლემები, რაც თეორიულად შეიძლება, წარმოიშვას გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აქვე, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის შემუშავებისას ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.