საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სხდომის მონაწილეებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასკვნაზე მსჯელობდნენ, საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.
დღესვე ვენეციის კომისიამ სხდომის მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გააცნო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოლიძე აღნიშნავს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია ფართო, საერთო - ეროვნულ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. კომისია მოუწოდებს ქართულ მხარეს, რომ კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს.
ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას მთავარი ყურადღება ბონუსების სისტემის მიუღებლობაზე გაამახვილა და ისაუბრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ნატო-ს ექსპერტების ჩართულობით ჩამოყალიბებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხის გათვალისწინებაზე და პარლამენტის ზედა პალატის შექმნაზე, როგორც დამაბალანსებელ მექანიზმზე. ანა დოლიძემ ასევე ისაუბრა იუსტიციის საბჭოს ჩაკეტილ, კორპორატიულ სისტემად ჩამოყალიბების საფრთხეზე.
ანა დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩადებული შესაბამისი, გაწონასწორების მექანიზმები. კომისია ურჩევს ქართულ მხარეს, ჩამოაყალიბოს ორპალატიანი პარლამენტი - შეიქმნას სენატი, იმისათვის, რომ მან დააბალანსოს ძლიერი, ქვედა პალატა.
მისივე თქმით, კომისიის აზრით, თუ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი დარჩება ცვლილებებში, მაშინ პრეზიდენტი აირჩიოს კვალიფიციურმა უმრავლესობამ, რომელშიც ჩართული იქნება არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც.
ასევე, პარლამენტი არ უნდა მონაწილეობდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში, რადგან კომისია მიიჩნევს, რომ თუ პოლიტიკა გადის სასამართლო სივრციდან, მაშინ პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს მოსამართელეები. მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს, რადგან პრეზიდენტი, ახლი სქემის მიხედვით, ნეიტრალური არბიტრი იქნება.
დოლიძის ინფორმაციით, კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, არ უნდა იყოს ბონუსების სისტემა და თუ ბონუსების სისტემა მაინც დარჩება, მაშინ ქართულმა მხარემ უნდა განიხილოს საარჩევნო ბარიერის 2-3 % დაწევის საკითხი.