საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია ბევრ კრიტიკას შეიცავს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი რაც შეიძლება ეფექტიანად უნდა იქნეს შესწავლილი.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ნახსენებ ყველა შეკითხვას დროზე გაეცეს პასუხი, რისკენაც იმთავითვე მოუწოდებდა საქართველოს პრეზიდენტი და ის ფრაზა, რომელიც რეზოლუციაშია აღნიშნული, სწორედ მოწოდებაა იქითკენ, რომ სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული იმისათვის, რათა არ დაზარალდეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება ეფექტიანად იქნას აღნიშნული საკითხი შესწავლილი რათა ჩვენი პარტნიორებისათვის ნათელი იყოს სურათი და თავიდან იქნას აცილებული არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ ის, რამაც მსგავსი კრიტიკა გამოიწვია", - განაცხადა ფხალაძემ.