უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას საქართველოს პარლამენტმა, 95 ხმით 7-ის წინააღმდეგ, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
კანონში შესატანი ცვლილებები მიხედვით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადასვლის საკითხს ითვალისწინებს.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით მოითხოვს.