ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება და პასუხი აგებინოს დანაშაულის ჩამდენ პირებს.
ამასთანავე, ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
რეზოლუციის - „მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ თანახმად, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოდან აზერბაიჯელი ჟურნალისტის, გატაცების ფაქტს, ბაქოში მის დაკავებასა და მოსალოდნელ გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.
ტექსტის მიხედვით, საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, პასუხისმგებელი და ვალდებულია, მის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს მათი იძულებით დაბრუნება აზერბაიჯანში.
რეზოლუციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ გაზრდილია რიცხვი შემთხვევების, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის ვადის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები, უმნიშვნელოვანეს საკითხად ასახელებენ და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიონ და ნათელი მოჰფინონ მუხტარლის იძულებითი გაუჩინარების საქმეში ქართული მხარის მონაწილეობის შესახებ გამოთქმულ ეჭვებს.
რეზოლუციის კენჭისყრამდე, ევროპარლამენტის სესიაზე დებატები გაიმართა.