11-დან 13 ივნისამდე საქართველოში ვიზიტით გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრი, ნილს ანენი (სოციალ-დემოკრატიული პარტია) იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მისი თანმხლები პირები არიან ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლები და გერმანიის პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის რეფერენტი. დელეგაცია შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს.
გარდა ამ შეხვედრებისა ანენი დელეგაციასთან ერთად ესტუმრება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს მცხეთაში და შეხვდება მის ხელმღვანელს, ელჩს კესტუტის იანკაუსკასს. ეს ვიზიტი მიმდინარეობს საქართველო-გერმანიის საიუბილეო წელს, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესა და პირველი გერმანელი კოლონისტების საქართველოში ჩამოსვლის 200 წლისთავს ეძღვნება.