საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს მიმართავს, ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის საკითხზე მუშაობა დაჩქარდეს, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოესწროს სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება. ამის შესახებ აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების საქმეზე ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომლისთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა არ უნდა დავუშვათ.
„ფაქტია, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას. ამიტომ, თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება”, - ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.