გადადგომის თაობაზე ბევრჯერ მიფიქრია, როგორც მეტი სიკეთის მიღწევის საშუალებაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში - არა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის მიმართვას, რომ მისი გადადგომით ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყებას შეუქმნას საფუძველი.
პრეზიდენტის თქმით, მას მიაჩნია, რომ ხელოვნური პროცესებით და იურიდიული გაჯანჯლებებით არ შეიძლება შედგეს პოლიტიკური პროცესი.
"ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში გადადგომაზე, რა თქმა უნდა, მიფიქრია და ეს ბუნებრივია, რადგან როცა შენ გეგმავ მომავალ ნაბიჯებს, მათ შორის ყოველთვის არის ესეც, როგორც ექსტრაორდინარული ნაბიჯი. ამ ეტაპზე იმ სქემას, რომელიც იქნა წარმოდგენილი, რომ ჩემი გადადგომის პროცესით ინიცირება მოხდეს ამ სქემის, ასე ნათლად ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ ხელოვნური პროცესებით და იურიდიული გაჯანჯლებებით არ შეიძლება შედგეს პოლიტიკური პროცესი. თუ პროცესი მიდის კონკრეტული მიმართულებით, ჩვენ უნდა გამოვიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ყველამ ერთად შევქმნათ სწორი და უკეთესი გარემო. ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის ძალიან მაღალი წოდება და ტიტული, ადამიანმა ეს უნდა მიიღოს არა რაღაცნაირი გვერდითი კარიდან და ხელოვნურად შექმნილი პროცესის შედეგად, არამედ ამ ტიტულს უნდა ატარებდეს სრულიად სამართლიანად, რაღაცა პოლიტიკური პროცესის შედეგად. გადადგომის თაობაზე ბევრჯერ მიფქერია, როგორც მეტი სიკეთის მიღწევის საშუალებაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში - არა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.