სულ ვფიქრობ, თუ როგორ შეიძლება დაგეხმაროთ ისე, როგორც საქართველო ეხმარება ნატო-ს, - ამის შესახებ ნატო-ში იარაღის კონტროლის და კოორდინაციის სექციის ხელმძღვანელმა, უილიამ ალბერკმა განაცხადა.
როგორც ალბერკმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა, მისთვის საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და მას იმედი აქვს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება. მისივე თქმით, საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ნატო-სთვის, შეერთებული შტატებისთვისა და საერთო უსაფრთხოებისთვის, ასევე ევროატლანტიკური სივრცისთვის.
"პროცენტული მაჩვენებელი ქართველი ჯარისკაცების, ვინც ერაყსა და ავღანეთში იბრძვის და გაღებული მსხვერპლი მიუთითებს, რომ ჩვენ თქვენთან ვალში ვართ.
საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, ხალხი გასაოცარი, დემოკრატიული, თავისუფალი. მე გისურვებთ გამთლიანებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში. მე სულ ვფიქრობ, თუ როგორ შეიძლება დაგეხმაროთ ისე, როგორც საქართველო ეხმარება ნატო-ს. ვფიქრობ, რომ არ გაგვიკეთებია საკმარისი. უნდა მეტი გავაკეთოთ“, - განაცხადა უილიამ ალბერკმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველო მაგალითია, რომ არაწევრი ქვეყანა და პარტნიორი როგორ ეხმარება ნატო-ს.
„მე ვაფასებ საქართველოს დელეგაციას ნატოში. ვმუშაობთ ერთად. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველო ნატო-ს პარტნიორია. ჩემი აზრით, ნატო-ს კარი არ უნდა დაიკეტოს. ცივი ომის შემდეგ, ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ ნატო ახალ წევრს არ მიიღებდა და ორგანიზაციის კარი დაიკეტებოდა. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და ეს ორგანიზაცია წარმოადგენს ისეთ გაერთიანებას, რომ ქვეყნებს სურთ ალიანსის ნაწილი გახდნენ.
ეს ზრდის მოკავშირეების უსაფრთხოებას და აძლიერებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩემი აზრით, ნატო-ს კარი ახალი წევრებისთვის არ უნდა დაიხუროს. საქართველო მაგალითია, რომ არაწევრი ქვეყანა და პარტნიორი როგორ ეხმარება ნატო-ს. ამიტომ არ უნდა დაიხუროს ნატო-ს კარი და ვთქვათ, რომ გვაქვს საკმარისი უსაფრთხოება და მეტი აღარ გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე შემოგვიერთდება და გვექნება ისეთი ცერემონია, როგორიც მონტენეგროს გაწევრიანების დროს გვქონდა“, - დასძინა უილიამ ალბერკმა.