იწყება არა კრიტიკის განხილვა, არამედ უცებ ჩნდება მოგონილი თემა, რომ საიდანღაც მოხდა ინფორმაციის გაჟონვა და მთელი დღე მედია საუბრობს არა იმ შინაარსზე, რაც არის დოკუმენტში, არამედ იმაზე, საიდან გაჟონა ინფორმაციამ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვისმენთ ინფორმაციას, რომ ვენეციის კომისიისგან ქება-დიდება იქნება მოვლენილი და ამის მაგივრად ვენეციის კომისიისგან კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი ძალიან მძაფრ კრიტიკას იწვევს, რაც, მისივე განცხადებით, მოსალოდნელი იყო.
პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ბოლო 6 თვის შეჯამება.
"რას ვარკვევდით ბოლო 6 თვე? რაზე მოგვცა შეჯამება ვენეციის კომისიამ? რომ თურმე დემოკრატია ნიშნავს, რომ როცა ამომრჩეველი ხმას მისცემს, ის ადამიანი პროპორციულად იქნას წარმოდგენილი პარლამენტში და სხვამ არ ჩაიდოს ჯიბეში ამ ადამიანის ხმა - ამას ვარკვევდით მთელი ერი ბოლო 6 თვე. პარალელურად მიდის ბრალდებები. ვარკვევდით, რომ თურმე დემოკრატიული სახელმწიფო გულისხმობს ძალთა ბალანსს და ინსტიტუტების გაწონასწორებას. ამას ცივილიზებული ერი 6 თვე ვარკვევდით. ახლა გადავედით შექმნილ, შეთითხნილ კონსპირაციის თეორიაზე, რასაც აბსოლუტურად მიუღებელი ფორმებით, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება ან ახლობლების ან მეგობრების დარიგება. ადამიანებს, რომლებიც ასე უხამსად ეურთიერთებიან სხვა ადამიანებს მედიის მეშვეობით, სჭირდებათ, ვიღაცამ უთხრას, რომ ეს საქართველოა და ურთიერთობების კულტურა არსებობს. მე მესმის, რომ თმენის ვალდებულება მაქვს, თანამდებობა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ სიტყვა წამიცდეს, მესმის, რომ პატივცემულები არიან პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარები და ა.შ. მაგრამ ხომ შეიძლება რჩევის მიცემა?!”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.