შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სეგეენკო ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფო აშენდება თსუ-ის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე, სადაც ნახევარ ჰექტრამდე მიწა უკვე გამოყოფილია.
მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს და ამ თემაზე დღეს მინისტრი პრემიერმინისტრთან შეხვედრასაც გეგმავს.
"იდეალურ შემთხვევაში მშენებლობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ პაციენტების მიღება შესაძლებელი იქნება. ამიტომ ეს ორი წელი რომ გაუსაძლის პირობებში არ იყვნენ, მოლაპარაკება გვაქვს და ალბათ, პრემიერთან საღამოს შეხვედრაზეც გვექნება ამაზე საუბარი, რომ მოველაპარაკოთ კომპანია ”ავერსს”, რათა ამ პერსონალის მათთან დროებით განთავსების საშუალება მოგვცენ. ამ სავადმყოფოსთვის თითქმის ნახევარ მილიონს ვიხდით იჯარის სახით და ეს ნახევარი მილიონი შეგვიძლია შედარებით უკეთესი პირობების შექმნას მოვახმაროთ. მე ვფიქრობ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განმარტავს დავით სერგეენკო.
ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გახსნისას კომენტარი გააკეთა „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემაც.
კურტანიძის თქმით, „ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს.
„„ავერსმა“ ეს ტერიტორია, დაახლოებით ექვსი ჰექტარი, ღია აუქციონზე შეიძინა. ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, რომ აეშენებინა მათთვის კლინიკები, ანუ 2011 წლის დეკემბერში მათ უნდა დაეცალათ ტერიტორია, ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ მათთვის ხელი არაფერში შეგვიშლია და დღემდე არ ვუშლით, უბრალოდ დავიწყეთ ჩვენი ტერიტორიის მოწესრიგება.148 მანქანა საყოფაცხოვრებო ნაგავი გავიტანეთ ტერიტორიიდან. ჩვენ შიდსისა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრისთვის არანაირი ფართი არ შეგვიმცირებია, ფუნქციონირებენ ჩვეულებრივად, იჯარას უხდის ჯანდაცვის სამინისტრო. კარგად წაიკითხონ იჯარის ხელშეკრულება, მათ სრული უფლება აქვთ ნებისმიერი სახის რემონტი გააკეთონ.
თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრომ შესთავაზა სეფსისის ცენტრს და ინფექციურ საავადმყოფოს, რომ „ავერსს“ მოეხდინა მათი პრივატიზება. სეფსის ცენტრი დათანხმდა და ხედავთ, დღეს როგორ პირობებში მუშაობენ, ინფექციური საავადმყოფო კი იყო უარზე, რადგან ამბობდნენ, რომ სახელმწიფო აუშენებდათ კლინიკას და ჩვენ ძალა არ დაგვიტანებია, დღემდე ელოდებიან ამ კლინიკის აშენებას. „ავერსს“ არანაირი დანაშაული მათ წინაშე არ აქვს. ჩვენ ვიყიდეთ მიწა და შენობები. თუ სეფსისის ცენტრში ადრე მუშაობდა 150 კაცი, დღეს მუშაობს 325 ექიმი და კიდევ ემატება. პედიატრიული განყოფილება არ იყო 20 წელი და დღეს გაკეთდა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიით. „ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს“,- განაცხადა პაატა კურტანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკასთან, რომელიც დღეს პრემიერმა გახსნა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციას გამართეს და მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვეს.
ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, შოთა გოგიჩაიშვილის განმარტებით, სახელმწიფომ დაპირება უნდა შეასრულოს და შენობა ააშენოს, სადაც პაციენტის ღირსეულად მიღების და კვალიფიციურად მომსახურების საშუალება იქნება.