ორ ადამიანს ვყავდი გაკავებული, ერთი კი მირტყამდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის შვილის მეგობარმა თორნიკე კაჭარავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის თავდაპირველად იარაღის ჩადება უნდოდათ, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.
"ვიყავი საავადმყოფოში ანალიზების გასაკეთებლად. გარეთ რომ გავედი, შემხვდა დავით კიკნაძე. უკნიდან შემდეგ რამდენიმე ადამიანი მომეპარა და დამაგდეს ძირს. მითხრა კიკნაძემ - კაჭარავა დაწექი ძირს, იარაღს ინახავო. მივხვდი, რომ იარაღის ჩადებას აპირებდნენ და ვუთხარი, არავითარი იარაღი არ მაქვს, საავადმყოფოში ვიყავი, სადაც წელს ზემოთ გახდილი მქონდა და შანსი არაა იარაღი მქონდესთქო. ამის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში და რამდენიმე ქუჩის მოშორებით გადამიყვანეს. როცა გაჩერდა მანქანა, ცოტა ხანი ზოგად თემებზე მელაპარაკებოდნენ, შემდეგ კი ერთ ფეხზე ფეხსაცმლის გახდა დამიწყეს იძულების წესით. ამ დროს ორ ადამიანს ვყავდი გაკავებული, ერთი კი მირტყამდა", - განაცხადა კაჭარავამ.
მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომლის, დავით კიკნაძის მხრიდან დაკავებამდე არაერთხელ ჰქონდა ადგილი მასზე ზეწოლას.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა რამდეიმე დღის წინ დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.