საქართველოს ექსპრეზიდენტის პირველი გადაცემა უკრაინულ არხზე ZIK გუშინ პირველად გავიდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პირველმა გადაცემამ არხზე, მაყურებელთა რაოდენობის კუთხით, რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა.
"ჩემი გადაცემის შედეგად, მეათე ადგილზე მყოფი არხი, გუშინ, მეორე პოზიციაზე გადავიდა, რამდენიმე მილიონი უკრაინელი, 2 საათის განმავლობაში გვიყურებდა. ჩვენ გავუსწარით პოროშენკოს, პინჩუკის, კოლომოისკის და სხვა ოლიგარქების არხებს და თითქმის დავეწიეთ ახმეტოვის არხს. დღეს ტელეკომპანიამ "Zik" ხელახლა გაიმეორა გადაცემის ჩანაწერი. ჩვენ მივაღწიეთ მთავარს, გავარღვიეთ პოროშენკოს ინიცირებული საინფორმაციო ბლოკადა. ეს გადაცემა საშუალებას გვაძლევს, წინა პლანზე გადმოვწიოთ ახალი პოლიტიკოსები და სწორად და ფართოდ გავაშუქოთ ჩემი პირადი პოლიტიკური საქმიანობა," - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტის პირველი გადაცემის სტუმრები რადას დეპუტატები და ექსპერტები იყვნენ. გადაცემის დასაწყისში, მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა თუ როგორ შესთავაზა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყნის დატოვება. მისი თქმით, ახლა ხალხის ძალაუფლებასთან კიდევ უფრო ახლოს არის.