გელა ხვედელიძის მეუღლემ, მარეხ ფერაძემ გადაცემა „არჩევანის“ ეთერში თავდასხმის ქრონოლოგია გაიხსენა. მისი თქმით, თავდამსხმელებმა იცოდნენ მისი ოჯახის წევრების მოძრაობის გრაფიკი და სწორედ ამიტომ ელოდნენ იმ დროს, როდესაც ხვედელიძე მარტო გამოვიდოდა სახლიდან.
„გელა გამოვიდა 2 წუთით ადრე, ჩვენ მივდიოდით სუპერმარკეტ „გუდვილში“ რათა პროდუქტები შეგვეძინა. დავკეტე სახლი და მეხუთე სართულიდან ჩამოვდიოდი,ლიფტი არ არის. ჩამოვდივარ ჩვეულებრივად, წყნარად. დავინახე რომ გელა გავიდა სიგარეტის საყიდლად და მოდიოდა უკან. ამ დროს უკნიდან თავს დაესხა ორი ნიღბიანი, შავ ქურთუკებში და შავ კეპკებში, დაუწყეს უმოწყალოდ ცემა. უკნიდან დაესხნენ და როგორც მე დავინახე ფეხი ჩაარტყეს მუხლში, რომ წაექციათ. ურტყამდნენ წიხლებით, მე შევეცადე, მინდოდა ერთისთვის ნიღაბი ჩამომეხსნა, ერთი მოვიგერიე. რომ დაიწყო ცემა, არ უნდოდა რომ ნიღაბი ჩამოხსნილი ყოფილიყო და ამიტომ დაიწყო უკან დახევა. მეორე განაგრძობდა წიხლების რტყმას, ეს გაგრძელდა 15 წამი. მე დავიწყე ყვირილი და უცებ შეიკრიბა ხალხი, ამიტომ გაიქცნენ.“- განაცხადა მარეხ ფერაძემ.
მანვე დაამატა, რომ მიუხედავად თავდამსხმელთა ნიღბებისა, ისინი 25-30 წლის ახალგზარდები იქნებოდნენ. ძალადობის დროს არაფერი უთქვამთ და მათთვის მოულოდნელი იყო დაზარალებულის მეუღლის გამოჩენა.
გელა ხვედელიძეზე თავდასხმა გუშინ განხორციელდა, მას ორი ნიღბიანი ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულს ორი ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.