საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტის წინ სარკინიგზო სადგურის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მისი თქმით, შეიქმნება 3 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც ცენტრალურ რკინიგზას დაუკავშირდება და აღმოსავლეთიდან მიმავალი ყველა მატარებელი ქუთაისის აეროპორტის წინ გაჩერდება.
„სწორედ ამ ადგილას, სადაც ახლა მე ვდგავარ, იქნება სარკინიგზო ბაქანი. მგზავრები შეძლებენ სულ რამოდენიმე ნაბიჯში, მოხვდნენ აეროპორტის ტერმინალში. ქუთაისის აეროპორტი ამ სადგურთან ერთად გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, რომ ხელმისაწვდომ ფასებში იმოგზაუროს ევროპაში უვიზოდ, თანამედროვე და კომფორტაბელური მატარებლით იმგავრებს.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ქალაქში სხვა მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ დაიწყება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა და ეს დაახლოებით მილიარდიანი პროექტი იქნება. ამასთანავე, ქუთაისიდან ყველა მიმართულებით დაიგება საავტომობილო გზა და ამგვარად ქალაქი რეგიონში მსხვილი ლოჯისტიკური ცენტრის სახეს მიიღებს. გიორგი კვირიკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა დაინტერესდნენ ადგილობრივი უძრავი ქონებით, რადგან მომავალში მათი ფასი საგრძნობლად მოიმატებს.
გამოსვლის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა სიმბოლურ ღილაკს დააჭირა და ამგვარად დაიწყო დროის ათვლა, სანამ აეროპორტის წინ სარკინიგზო სადგური აშენდება, ამ დრომდე კი 364 დღე დარჩა.