საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა თემაზე: „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა - ლიტვის წარმატება". უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ლიტვის რესპუბლიკის გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან პარლამენტი მუშაობს მთავრობის მიერ ინიცირებული „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტზე.
„პარლამენტმა პირველი მოსმენით განხილვისას მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიზანი ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა, საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის მიმართ უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდაა. ესენი არიან მძღოლები, მგზავრები და ქვეითები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
იგი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში საერთაშორისო ჩემპიონატს გამოეხმაურა, რომელიც გუშინ, 2 აპრილს ქალაქ რუსთავში გაიმართა. „ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში გაიხსნა, კიდევ 9 ქვეყანაში გაიმართება, გუშინ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და წარმატებული მრბოლელები პირველობისთვის იბრძოდნენ რუსთავის ავტოდრომზე. ამ შეჯიბრის მთავარი გზავნილი სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება იყო. ღონისძიება 82-ზე მეტმა მედია საშუალებამ გააშუქა და მილიონობით ადამიანმა ნახა, და საქართველო თავისი ახალი სახით წარმოჩნდა მსოფლიო ავტოსპორტის სფეროში“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობა ყველაზე უსაფრთხოა შვედეთში, ხოლო ყველაზე სავალალო მონაცემები რუმინეთსა და ბულგარეთს აქვს. მისივე თქმით, ლიტვაში რეფორმის გატარების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევები 22% -ით შემცირდა. „ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ორი ქვეყნის - ლიტვისა და საქართველოს ურთიერთობას და ვცდილობთ, გაგიზიაროთ ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ღირებული იქნება საქართველოსთვის ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად“, - განაცხადა გიედრიუს პუოჯუნასმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, შალვა ხაბულიანმა ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებები სამკომპონენტიანია: 1. რაციონალური პასუხისმგებლობის სისტემის შექმნა; 2. ეფექტური აღსრულება და 3. ტექნოლოგიების როლის ზრდა.
მისივე განმარტებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, შემოდის მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის დაკავშირება. კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს უფლების ამგვარად შეწყვეტიდან არა უადრეს 2 თვისა. ქულათა სისტემა მიენიჭება როგორც საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, ისე უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობასაც, რათა აღნიშნულ სფეროში არ დადგინდეს არათანაბარი და დისკრიმინაციული რეგულაციები. შალვა ხაბულიანის ინფორმაციით, სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით დაჯარიმება მოხდება გრადაციული სისტემით. მისი თქმით, ინერგება უკონტაქტო პატრულირების სისტემა. პოლიციას უფლება ენიჭება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენოს პოლიციის სარგებლობაში არსებულ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები. აღნიშნულ შემთვევებში, პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან და სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმაზე, ლიტვაში ამ მიმართულებით წარმატებით განხორციელებული ცვლილებების მაგალითზე ისაუბრა ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ლიტვის გზების ადმინისტრაციაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა, ნიემუნას აბუკაუსკასმა. მისი ინფორმაციით რეფორმა დაიწყო მიდგომების შეცვლით, საგზაო ინჟინერიისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით დაიწყო და რამდენიმე ეტაპად გაგრძელდა. „ავტოსატრანსპორტო შემთხვევა არ არის ბედისწერა. შემთხვევათა 90% გამოწვეულია ადამიანების დაუდევრობით. საზოგადოების ცნობიერების შეცვლა სწრაფად ვერ ხერხდება, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ გარემო, გააუმჯობესოთ საგზაო ინჟინერია და იფრაქტრუქტურა“, - განაცხადა ნიემუნას აბუკაუსკასმა.