პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შხვდნენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს სულ სხვა გარემოში.
,, ის კანონმდებლობა, ის სისტემა, რაც დღეს ფუნქციონირებს, სულაც არ არის თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი. ვისაუბრეთ იმაზე, რომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, რაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობით და იმით, ვუჭერთ მხარს, პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესს თუ პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ. ჩვენ ვთქვით, რომ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. საარჩევნო თემატიკაზე მონიტორინგის ჯგუფის წევრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, რადგან მოახლოებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ხელისუფლება ამბობს, რომ არაფერს შეცვლის. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, დღის წესრიგში არჩევნების ბოიკოტის საკითხის დაყენებას”, - განაცხადა ინაშვილმა.