სამოქალაქო სექტორი 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევას ეხმაურება. მათი თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონალური დემოკრატიის შენარჩუნება, რათა მოსახლეობას შეეძლოს თავად აირჩიოს მმართველი და განსაზღვროს ბიუჯეტი.
„ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი არ არის მხოლოდ დაკავშირებული მერების და გამგებლების პირდაპირ არჩევითობასთან. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ სოფელს ჰყავდეს საკუთარი ხელისუფლება და ბიუჯეტი, ხოლო ქალაქს საკუთარი ხელისუფლება და საკუთარი ბიუჯეტი,“ - განაცხადა მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კოკა კიღურაძემ.
ოპოზიცია ამ ფაქტს მთავრობის მიერ რეგიონალურ სსიპე-ებსა და აიპ-ებში საკუთარი ხალხის ჩანერგვას უკავშირებს.
„ცუდი ის არის, რომ გამოიკვეთა ხელისუფლებაში ტენდენცია, როდესაც მათ არ უნდათ პირდაპირი არჩევნები, რაც თავისთავად, ერთმმართველობისა და ცენტრალიზაციისაკენ მიმავალი გზაა, რაც უმარტივებს მმართველ ხელისუფლებას ერთი მხრივ სასურველი მიმართულებით თავისი პოლიტიკური აქტივობის წარმართვას და მეორე მხრივ, ცენტრალიზებული სახელმწიფო, ეს ყოველთვის არის ხელისუფლების შენარჩუნებისა და უზურპირების ერთ-ერთი ფორმა,“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.